ეკა ბესელია: პრეზიდენტი უნდა შეეხოს ისეთ მწვავე თემებს, რომლებიც დღეს ყველაზე პრობლემურია ქვეყნისთვის
“პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ამ დროში და ამ ვითარებაში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ეს იქნებოდა, მაგალითად, გასულ წელს იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნო წელი”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ისაუბრებს ისეთ მწვავე საკითხზეც, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობა.
“პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ამ დროში და ამ ვითარებაში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ეს იქნებოდა, მაგალითად, გასულ წელს. იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნო წელი, ეს არის ძალიან რთული პოლიტიკური გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ჩიხური ვითარებაა და გამოსავალია მოსაძებნი დიალოგისა და კომპრომისის გზით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მან, ალბათ, უცილობლად უნდა ისაუბროს ამ მწვავე პოლიტიკურ პროცესზე, გამოსავალზე.
ასევე, ველოდები, რადგან ის არის ქალი პრეზიდენტი, ბოლო პერიოდში ისევ დგას მწვავედ ქალთა ძალადობისა და ქალის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და აქ სად ხედავს ის თავის როლსა და პრეზიდენტის თუნდაც მანდატს – რა შეიძლება, გაკეთდეს.
მგონია, რომ უნდა შეეხოს ისეთ მწვავე თემებს, რომლებიც დღეს ყველაზე პრობლემურია ქვეყნისთვის – ეს არის პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო სისტემა, კომპრომისის აუცილებლობა, ძალადობრივი გარემო, 20 ივნისი. მე მაქვს მოლოდინი, რომ ამ ყველაფერზე უნდა ისაუბროს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.
პარლამენტის პლენარული სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.