დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი მიმოიხილა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის, ნიკოლო ფაშინიანის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის – პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთაშორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით. მინისტრებმა პოზიტიურად შეაფასეს სომხეთის პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორმხრივი პარტნიორობის განვითარების გეგმები სხვადასხვა მიმართულებით.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის – ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე ორი ქვეყნის წარამატებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე.
მინისტრები შეთანხმდნენ ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურ მუშაობაზე, მათ შორის – კონკრეტული ინიციატივების ფარგლებში. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ამ სფეროში.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პოზიტიური დინამიკით და გამოთქვეს მზაობა, მომავალშიც შენარჩუნონ მჭიდრო კონტატები.