“ჯვარი როგორც სიყვარულის სიმბოლო”- 86 წლის ზაქრო გიგაური ხისგან ჭურჭელს და სასმისებს ამზადებს
86 წლის ზაქრო გიგაური უკვე 46 წელია ხისგან ჭურჭელს და სასმისებს ამზადებს. როგორც თვითონ ამბობს, სპეციალური ხელსაწყოები არ აქვს, თუმცა პაპის დანატოვარი ურო, სატეხი და ცული სასურველი ნივთის შექმნაში ეხმარება. სოფელ თეთრიწყაროში , მის სახლში, ხისგან დამზადებული უამრავი ნივთი ინახება.
როგორც ზაქრო პაპა “რეგიონულ კვირას” უყვება, ძირითადი სამუშაოების შესრულება ეზოში უწევს, თუმცა ზამთარი არ აშინებს და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. მის ნამუშევრებზე უმეტესად გამოსახულია ჯვარი, როგორც სიყვარულის, ხმალი ,როგორც იმედის და სანთელი, როგორც რწმენის სიმბოლო.
“40 წლიდან მოვკიდე ამ საქმეს ხელი, უკვე 86 წლის ვხდები და დღესაც ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. სპეციალური ხელსაწყოები არ მაქვს, მაგრამ პაპის დანატოვარი იარაღებით ვმუშაობ. წვალებით და რთულად, მაგრამ მაინც ვამუშავებ ხეს და სასურველ ფორმას ვაძლევ. არაერთი სასმისი დამიმზადებია და თუ გადახედავთ ჩემს ნაკეთობებს, ხშირად შეგხვდებათ ჯვარი ამოტვიფრული, როგორც სიყვარულის სიმბოლო“- ამბობს ის.
ზაქრო გიგაური მწერალი და 7 წიგნის ავტორიცაა. მისი ერთ-ერთი წიგნი „ალგეთის ხეობაა“, სამ ენაზე ითარგმნა.
“თეთრიწყარო მრავალეროვანი რაიონია და ყველამ არ იცის ქართულად კითხვა, სწორედ ამიტომ, თეთრიწყაროს გამგეობამ გადაწყვიტა წიგნი სამ ენაზე ეთარგმნა და ყველას შესძლებოდა მისი წაკითხვა”– ამბობს ზაქრო პაპა.
86 წლის მწერალი დავით აღმაშენებლის შესახებ საუბრობს და ისტორიკოსებს თხოვნით მიმართავს, ნუ დაუკარგავენ მას იმ დიდ სახელს, რომელიც ხალხმა დიდგორის ბრძოლის მოგების შემდეგ შეარქვა.
“მინდა თქვენი, „რეგიონული კვირის“ წყალობით, ხმა მივაწვდინო ისტორიკოსებს. ჩვენმა დიდებულმა მეფე დავით აღმაშენებელმა, როდესაც დიდგორის ბრძოლა მოიგო, ხალხმა მას მეორე ზესახელი შეარქვა “მზე ქრისტიანობისაი” და რატომ უკარგავთ ამ სახელს, განა ცუდად ჟღერს ? ” ქრისტიანობის მზე დავით მეოთხე აღმაშენებელი“. მიდით ბატონო მუზეუმში , მონახეთ დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, ბოლოში ფირფიტა აქვს მიკრული სადაც წერია : “ღმერთო ყოვლისა დამბადებელო, ადიდე შენ მიერ გვირგვინოსანი დავით, აფხაზთა და ქართველთა, ერთა და კახთა მეფე მზე ქრისტიანობისაი.” მეტი დოკუმენტები რაღა გინდათ“,- აცხადებს ზაქრო გიგაური.
მარიამ გიორგაშვილი