უკრაინაში 2 ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს (ვიდეო)
უკრაინაში ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 ქართველი „კანონიერი ქურდი“ – კობა შემაზაშვილი (მეტსახელად კობა „რუსთავსკი“) და კახაბერ ორაგველიძე (კახა „თბილისკი“) დააკავეს.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, კობა „რუსთავსკი“ კიევში, დარნიცას რაიონში დააკავეს, ხოლო კახა „თბილისკი“ – რუმინეთის საზღვართან.
უწყების ინფორმაციით, „რუსთავსკი“ კიევში ჩავიდა, რათა დანაშაულებრივ სამყაროში ძველი კავშირები და კონტროლი აღედგინა. 2016 წლიდან ის საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, ასევე, საფრანგეთში განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ფლობისთვის. მას თავისუფლების 24 წლამდე აღკვეთა ემუქრება. დაწყებულია შემაზაშვილის ესპანეთში ექსტრადირების პროცედურა.
აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კობა შემაზაშვილი კიევის ერთ-ერთ კერძო სახლში იმალებოდა. ჩხრეკის შედეგად მას აღმოუჩინეს იარაღი და ტყვიები, ასევე, დოკუმენტების გაყალბების ნიშნები.
რაც შეეხება კახა ორაგველიძეს – ის ჩერნოვიცკის ოლქში დააკავეს, სადაც ის ცდილობდა, უკანონოდ გადაეკვეთა რუმინეთის საზღვარი. მასზე ადმნისტრაციული ოქმი გააფორმეს და პოლიცია გეგმავს მის გადაყვანას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით განთავსების პუნქტში.