თეიმურაზ კვირკველია: გიგა ბოკერია და მთელი “ნაცმოძრაობა” რუსულ თამაშს თამაშობს

ქვეყანა ჩიხშია, საშინლად აგრესიული ოპოზიცია სპეკულირებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლა დაამუხრუჭოს, ამაში მას ხელს უწყობს როგორც ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ასევე რუსეთი, – ამის შესახებ პროკურატურის პრესცენტრის ჯგუფის ყოფილი უფროსი, თეიმურაზ კვირკველია გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ყოველი ნაბიჯი რუსეთის ინტერესებზეა გათვლილი.

“ქვეყანა ჩიხშია. საშინლად აგრესიული ოპოზიცია სპეკულირებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლა დაამუხრუჭოს. ამაში მას ხელს უწყობს როგორც ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ასევე რუსეთი. ერთმა ნაწილმა წააქეზა ისინი, მეორემ დააფინანსა.

“ნაციონალური მოძრაობის” ყოველი ნაბიჯი გათვლილია რუსეთის ინტერესებზე, ევროსაბჭოს ასამბლეის საქართველოში ჩატარების ჩაშლაც სწორედ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ალტერნატივა ასეთი იყო ან უნდა ჩაშლილიყო ევროსაბჭოს მინისტერიალი, არაცივილიზებული, ველური ქვეყნის იარლიყი ჩამოგვკიდებოდა, ან “ნაციონალები” მოაწყობდნენ მძაფრ პროვოკაციებს და კიდევ უფრო მეტად მოგვეჭრებოდა თავი. წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოში ჩამოსულ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის დელეგაციას ზოგადად, ნებისმიერი ქვეყნის დიპლომატიურ კორპუსს საფრთხე რომ შეექმნას? ნაციონალებმა მშვენივრად იციან, რასაც აკეთებენ.

გიგა ბოკერია და მთელი “ნაციონალური მოძრაობა” რუსულ თამაშს თამაშობს. მათი ნაბიჯი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს. გაიხსენეთ კოდორის ხეობა, ახალგორში დაკარგული ტერიტორიები და ბევრი სხვა მათი ნამოქმედარი ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. ბოკერია სულაც არ არის იდიოტი, ძალიან ჭკვიანი და საღად მოაზროვნეა. წინა ხელისუფლების პოლიტიკური ისტებლიშმენტი, სადაც თავადაც შედიოდა, გამიზნულად იღებდა საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს.

“ოცნებამ” შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე კუთვნილი ადგილი არ მიუჩინა ყველა მათგანს. უნდა გადაელახათ ის წინააღმდეგობები, რას შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მოდიოდა. ძირითადი ნაწილი, ვისაც უმძიმესი დანაშაულებები ჰქონდა ჩადენილი, ციხეში უნდა გაეშვა. რადგანაც ასე არ მოიქცნენ, ახლა ვიმკით შეცდომის შედეგებს. არამარტო “ოცნება”, მთლიანად ქვეყანა ზის ბომბზე”,- განაცხადა თეიმურაზ კვირკველიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები