ირაკლი კობახიძე: თუ გამარჯვებული პარტია, 40%-ზე მეტს აიღებს, ჩნდება შესაძლებლობა, რომ მთავრობა ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს, დარწმუნებული ვართ, ბევრად უფრო მაღალი შედეგი გვექნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები იყო.
მისივე თქმით, მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს მთავრობას ერთპარტიულად ვერ ჩამოაყალიბებს.
„დღეს შედგა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, შეხვედრას ხელმძღვანელობდა პარტიის თავჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. გვქონდა საუბარი მიმდინარე საკითხებზე, რა თქმა უნდა მთავარი თემა იყო ის დისკუსია, რომელიც წარმოებს ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენ წარუდგინეთ ის პრინციპები და დეტალები, რომლებიც უკავშირდება ჩვენს მოდელს, რომელიც განიხილება შესაბამის ფორმატში და პრინციპები თქვენ იცით. დეტალებში ვერ შევდივართ სამწუხაროდ და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გვაქვს შეთანხმება, არც ისინი შედიან საჯაროდ დეტალებში და არც ჩვენ, თუმცა პრინციპები რჩება უცვლელი. მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ პარტია რომელიც აიღებს 40%-ს ან ნაკლებს ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას ერთპარტიულად. ამისათვის მოდელში არის შემოთავაზებული კონკრეტული ელემენტი, რომელიც ამას არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს. აქ საუბარია, თუ გამარჯვებული პარტია აიღებს 40%-ზე მეტს და ჩვენი მოდელის თანახმად ეს უნდა იყოს დაახლოებით 40,6 %. ამის ზევით უკვე ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ პარტიამ ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს მთავრობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამაზე ბევრად უფრო მაღალი შედეგი გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.