გიორგი გახარია: დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ავღანეთში ომის დასრულებაში რეალურ პროგრესს მოიტანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. როგორც პრემიერი “Twitter”-ზე წერს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ავღანეთში ომის დასრულებაში რეალურ პროგრესს მოიტანს.
„მნიშვნელოვანი მომენტი აღინიშნება. პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმა მოიტანს რეალურ პროგრესს ავღანეთში ომის დასრულებაში. საქართველო განაგრძობს აშშ-ის მხარდაჭერას, რათა დაინახოს, რომ შეთანხმების პირობები შესრულდა“, – წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-სა და დაჯგუფება “თალიბანს” შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა. შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ მათი ყველა სამხედრო ავღანეთს სრულად 14 თვის განმავლობაში დატოვებს. ამის შესახებ “BBC” იტყობინება.
აშშ-სა და “თალიბანს” შორის შეთანხმება ყატარში გაფორმდა. ცერემონიას ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და “თალიბანის” ლიდერი ესწრებოდნენ. მხარეებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტი ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის შემდეგ მშვიდობის დამყარებას ხელს შეუწყობს.