მარნეულში მასშტაბური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე დიზაინის რეკრეაციული სივრცე გახსნეს.

ქალაქის ცენტრალური პარკის გახსნის ღონისძიებას, ადგილობრივებთან ერთად, მოწვეული სტუმრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სპეციალურად ამ დღისთვის, სხვადასხვა სახის კულტურული და საბავშვო-გასართობი აქტივობები დაიგეგმა.

პროექტის ფარგლებში, მონუმენტური ძეგლი პარკის ერთ-ერთი დომინანტი ნაწილი გახდა. მოეწყო საბავშვო, დასასვენებელი, სარეკრეაციო, შემეცნებითი და სადღესასწაულო ზონები, ამფითეატრი და საპარკინგე სივრცეები. 1 094 328 ლარის ღირებულების პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მონუმენტურ ძეგლს „კიდევაც დაიზრდებიან“, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, რომელიც ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის მიერაა შესრულებული. სკულპტურული ძეგლი კი ქართული ქანდაკების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნამუშევარს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები