გოჩა გიორგიძე: ქუთაისის კლინიკებში პაციენტების მომართვიანობა არ გაზრდილა და პანიკის საფუძველი არ არსებობს

“ქუთაისის კლინიკებში პაციენტების მომართვიანობა არ გაზრდილა, შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისი თქმით, იმისათვის რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს სახელმწიფო სისტემის ყველა რგოლი გამართულად, ეფექტიანად  და კოორდინირებულად მუშაობს.

გოჩა გიორგიძის თქმით, იმედის მომცემია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ გუშინ მოხდა პირველი შემთხვევის დაფიქსირება საქართველოში, მაშინ როცა სხვა სახელმწიფოები უკვე არაერთი კვირაა ამ დაავადებას ებრძვიან.

“საქართველომ შეძლო რომ სწორად ემართა პროცესები. მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორად ინფორმირება,რადგან ეს კიდევ ერთი ბერკეტია სახელმწიფოს ხელში, რომლითაც შევძლებთ დაავადებების შეჩერებას. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეპიდ-აფეთქებები  2003 და 2012 წელსაც გვქონდა. მაშინ გაცილებით მეტი იყო ლეტალობა. ახლა კი გვაქვს დაახლოებით სამი პროცენტი. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, შეიძლება 80-90 პროცენტში ისე მიმდინარეობდეს დაავადება, რომ სიმპტომებიც არ წამოვიდეს და ადამიანმა თვითონ, თავის იმუნური სისტემის დახმარებით გადალახოს”,- აღნიშნა გიორგიძემ.

მისი თქმით, დაავადება თითქმის არ გვხვდება ბავშვებში და ავადმყოფობის პროცესი ძირითადად მძიმედ მიმდინარეობს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე  ადამიანებში.

“ქრონიკულად დაავადების მქონე ადამიანებში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა არ გაგვივრცელდეს კორონა ვირუსი. აქაც მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ხელის ჰიგიენა არის ერთ-ერთი ოქროს წესი, ვირუსული დაავადებების გავრცელების დროს. რაც შეეხება მზაობას, ქუთაისში ყველა რგოლი მობილიზებულია, დაწყებული აეროპორტიდან.  ხდება კონტროლი სრულად, ყველა შემომსვლელი პირის. ასევე, ქუთაისში არის გამოყოფილი  კლინიკა “ლჯ და კომპანია”, რომელსაც აქვს ბოქსირებული პალატაც, ნახევარ ბოქსირებული პალატაც და იზოლირებული პალატებიც. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი კლინიკაა გამოყოფილი, მაგრამ თუ ამის საჭიროება იქნება ჩაერთვება სხვა კლინიკებიც. ადგილობრივი თვითმმართველობები და სამხარეო აპარატიც აქტიურადაა ჩართული, გუბერნატორი კოორდინირებას პირადად უწევს პროცესებს და გვაქვს სრული მხარდაჭერა, რომ რეგიონი იყოს მზად ნებისმიერი სცენარისათვის. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს დაავადება არ არის ისეთი საშიში, როგორიც  საზოგადოებაში დეზინფორმაციების საფუძველზე ჩამოყალიბდა”,- განაცხადა გიორგიძემ.

​დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ აყვნენ პანიკას,რადგან სტრესის ფონზე შესაძლოა, ტემპერატურული ცვლილება ისედაც დაფიქსირდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები