ექსპერტი ინჯირლიკიდან აშშ-ის ავიაბაზის საქართველოში გადატანაზე საუბრობს – “რუსეთისგან საფრთხეების შეკავების საკითხში, საქართველოს როლი გაიზრდება”

ვაშინგტონსა და ანკარას შორის მზარდი უთანხმოების ფონზე, კარგი იქნებოდა ინჯირლიკიდან აშშ-ის ავიაბაზის გადატანა საქართველოში, რადგან აღნიშნული, აშშ-ს ხელს შეუწყობდა რუსეთის შეწინააღმდეგების გეგმის განხორციელებასა და ახლო აღმოსავლეთში ირანის ამბიციების შეკავების საკითხში.

ამის შესახებ Washington Examiner-თან საუბარში, ევრაზიის საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის პროგრამის მეცნიერმა თანამშრომელმა, მირო ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში, ვაშინგტონის და ანკარას სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს სულ უფრო სცილდება, ინჯირლიკის ავიაბაზის გამოყენება, არაერთხელ გამხდარა დისკუსიის საგანი.

“საქართველოს ვაზიანის შეთავაზება შეუძლია, ყოფილი საბჭოთა ბაზის, როგორც აშშ-ის სამხედრო ავიაბაზის მშენებლობის პოტენციური ადგილი”, – აცხადებს ფოფხაძე.

​მისი აზრით, ვაზიანში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსება, მეზობელ რეგიონებზე რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენების შეკავებას შეუწყობდა ხელს.

ფოფხაძე თვლის, რომ აშშ-ს უნდა შეეძლოს “ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფა”, ასევე მწვავე საჭიროების შემთვევაში, საკუთარი კონტინგენტის განთავსება.

“ადგილმდებარეობისა და არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენების ზრდისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შეკავების საკითხში, საქართველოს ბევრად დიდი როლის შესრულება შეეძლება”,- მიიჩნევს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები