გიორგი გახარია: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან სრულად თანამშრომლობენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს გარანტიას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესი ვმართოთ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან სრულად თანამშრომლობენ.
„მინდა, იცოდეთ, რომ ის გეგმა, რომელიც შემუშავებულია მთავრობის მიერ, თანმიმდევრულად ხორციელდება. მოგეხსენებათ, რომ პირველი ნაბიჯი გახლდათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა. ამის შემდგომ იყო მიღებული გადაწყვეტილება – ირანიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და ბოლოს ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზე ირანის მიმართულებითაც. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც გვაძლევს გარანტიას, რომ ვმართოთ ეს პროცესი. ამასთან, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევაა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა სრულად თანამშრომლობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ძირითადი რესურსი, ძირითადი ცოდნა, ძირითადი კომპეტენცია არის გამოყენებული, რათა ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, როგორც რეგიონში ასევე გლობალურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.