საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა ბაკურ აბულაძე, რომელმაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობა დაიწყო სტაჟიორ-პროკურორად, სხვადასხვა დროს მუშაობდა ასევე რაიონულ და თბილისის პროკურატურებში, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, 2015 წლიდან დღემდე კი მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე.

ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მისი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით მიიღო.

გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, პროკურატურის სტაჟიორებს, გამომძიებლებს, პროკურორებს და საშუალო რგოლის მენეჯერებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ.

ირაკლი შოთაძის თქმით, პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს.
ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორი არის პროკურატურის და პროკურორების დამოუკიდებლობის გარანტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროკურატურის ყველა დანაყოფის ორგანიზებული მუშაობა, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა, პრიორიტეტული მიმართულებებით ეფექტურობის გაზრდა, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სოციალური გარანტიებისა და პირობების გაუმჯობესება და ახალი პროფესიონალი კადრების მოზიდვა.

გენერალური პროკურორის თქმით, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ უზრუნველყოს თანამშრომლების ინტენსიური სწავლა და განვითარება ყველა მიმართულებით, ასევე, საქმიანობაში დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, ელექტრონული პროგრამები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პროკურატურის საქმიანობის ხარისხს.
გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გასაგრძელებელია რეფორმები და საჭიროა ინტენსიური მუშაობა სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდერნიზების და პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდის მიმართულებით.

საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრისას ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ უნდა არსებობდეს როგორც დატვირთვის მონიტორინგის, ასევე ტრენინგ საჭიროებების შეფასების მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი გადაწყვეტილებების დროულად მიღებას.

ამასთან, გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მუდმივ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადდნენ არა მხოლოდ რიგითი პროკურორები, არამედ მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი ადამიანებიც, როგორც პროფესიულ საკითხებთან, ისე მართვის მეთოდებთან დაკავშირებით. უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს ასევე სტაჟირების პროგრამა, რისთვისაც აუცილებლად უნდა გაიზარდოს სტაჟიორების შრომის ანაზღაურებაც, რათა უფრო მეტ იურისტს ჰქონდეს პროგრამაში ჩართვის სურვილი.

ირაკლი შოთაძემ ასევე ისაუბრა უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. გენერალური პროკურორის თქმით, საჭიროა ნოვატორული მიდგომის დანერგვა და საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ყველამ დაინახოს ის მნიშვნელოვანი როლი, რაც პროკურატურას აკისრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები