საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემის გარეკანზე ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო იქნება დატანილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ნაშრომებისა და კვლევების გამოქვეყნების საშუალება ეძლევათ, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან გაიმართა, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლების გარდა, ფაკულტეტზე მიწვეული გერმანელი პროფესორი იორგ ჰარდიც ესწრებოდა.
სიახლე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაინერგება, ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ახალი სიტყვაა. გერმანიაში გამომავალ სამენოვან (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) პერიოდულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ნაშრომები გამოქვეყნდება და რაც მთავარია, გამოცემის გარეკანზე დატანილი იქნება ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგო.
„გამოცემის გარეკანზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგოს არსებობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ სამეცნიერო კრებულის გამოცემის თანამონაწილეები ვხდებით, რაც დროთა განმავლობაში ტრადიციულ სახეს მიიღებს“, – აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ვანო ჯაგოდნიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ნაშრომების უპირობოდ გამოქვეყნებას სერიოზულ მიღწევად აფასებს.

„ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში, არსებობდა პრობლემა, და არა მხოლოდ დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის, არამედ ჩვენი კოლეგებისა და მკვლევრებისთვისაც – არ იყო საერთაშორისო კვლევით სივრცეში უშუალოდ გასვლისა და ევროპელ კოლეგებთან ერთად პერიოდულ სამეცნიერო გამოცემებში მონაწილეობის მსგავსი საშუალებები. რასაკვირველია, ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება და ტრადიცია გვაქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენი ამოცანაა, უნივერსიტეტის გამოჩენილი და მაღალი დონის მკვლევრების მონოგრაფიები ინგლისურ და გერმანულ ენებზე ითარგმნოს და ევროპულ საგანმანათლებლო თუ კვლევით სივრცეში ნავიგაციის საშუალება მიეცეს, რათა ჩვენს მეცნიერთა მიღწევებს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება გაეცნოს“, – აცხადებს რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები