კალანდიას საქმის პროკურორი: გვაქვს მოლოდინი, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული
„დღეს არის სასამართლო განაჩენის გამოცხადების სხდომა. ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან იქნება მიღებული,”- ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაცვის მხარის განცხადებები სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები კი ადასტურებს ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებების არგაზიარების საფუძველი არ აქვს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და დღესაც ვაცხადებთ, რომ გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების პროცესში თუ გამოიკვეთება რომელიმე პირის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ნებისმიერი პირის მიმართ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.