ბავშვთა უფლებები, ბულინგი, დისკრიმინაცია, ოჯახში ძალადობა – თემები, რომელზეც იურისტები მოსწავლეებთან შეხვედრისას ისაუბრებენ

უფასო სამართლებრივი დახმარების სახელმწიფო ორგანიზაცია „იურიდიული დახმარების სამსახური” ხვალიდან საინფორმაციო კამპანიას – „შენი უფლება 18 წლამდე“ იწყებს.

კამპანიის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, კამპანიის მიზანია არასრულწლოვნებს შორის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
როგორც კუპრაშვილმა განაცხადა, კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია იურისტების შეხვედრები საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან.
თემები რომელზეც იურიტები მოსწავლეებს ინფორმაციას მიწვდიან არის: ბავშვთა უფლებები, ბულინგი, დისკრიმინაცია, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობა, განრიდება და მედიაცია. როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, არასრულწლოვანებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე დისკუსიები გაიმართება.
„ როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა.
სამსახური არასრულწლოვნებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს: არასრულწლოვანი ბრალდებულის /მსჯავრდებულის /გამართლებლის /დაზარალებულის /მოწმის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე;
არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით.
იურიდიული დახმარების სამსახური, როგორც უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაცია, მთლინად ჩართულია როგორც ბავშვის უფლებათა კოდექსით, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებული საკითხების ეფექტურად განხორციელების პროცესში”, – განაცხადა კუპრაშვილმა.

მისივე თქმით, მოსწავლეებთან პირველ შეხვედრას იურისტები ჭიათურის მე-2 და მე-5 სკოლებში გამართავენ.

კუპრაშვილის ინფორმაციით, ხვალვე ჭიათურაში იურიდიული დახმარების სამსახურის ჭიათურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება, სადაც იურიდიული კონსულტაციის მიღება ნებისმიერი პირისთვის, ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე იქნება შესაძლებელი.
როგორც კუპრაშვილმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სამსახურის 13 ბიურო და 9 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს. ჭიათურაში მე-10 საკონსულტაციო ცენტრი იხსნება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები