„ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთი მოგონებანი“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

25 თებერვალს, 18.30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, წიგნის – „ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთი მოგონებანი“  – წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ გამოსცა და 1921 წლი­დან ბერლინში პოლიტიკურ ემიგრაციაში მცხოვრები ქალის, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებებს ეფუძნება.
იგი სოციალ-დემოკრატ მეუღლეს, მიხეილ წულუკიძეს გაჰყვა ემიგრაციაში და დასახლდა ბერ­ლინში, სადაც ქრისტინემ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება და წარმატებული საექიმო პრაქტიკის მოწყობა შეძლო.
„მოგონებებში ის სწორედ თავისი ურთულესი ცხოვრებისეული გზის შესახებ მოგვითხრობს. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც პოლიტიკური ემიგრაცია ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული.
აქვეა წარმოდგენილი ქრისტინე წულუკიძის ძმის, იონა თოდუას ე.წ. „გაქცევის დღიური“. ლამის ყოველდღიური ჩანაწერები, რომლებიც 1921 წლის 6 მარტიდან 28 აპრილამდე იწერებოდა. ისინი ზედმიწევნითი სიზუსტით ასახავს ქრისტინე და მიხეილ წულუკიძეების საქართველოდან გადახვეწის ამბავს. იონა თოდუა ამ პერიოდში მათ თან ახლდა.
ეს დღიური ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ჩანაწერების გაკეთება მოგვიანებით კი არა, პროცესების კვალდაკვალ ხდებოდა. წინამდებარე წიგნი გამოდის საგანმანათლებლო სერიით „აკრძალული მეხსიერება“, რომლის მიზანია, ისტორიის თეთრი ლაქები შეავსოს ამ პერიოდის თანამედროვეთა მოგონებებით, მონათხრობითა და განცდილით“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სლოგანით „ერთი ადამიანი, ერთი ბედისწერა, საერთო ისტორია“ – „სოვლაბი“ არაერთ საინტერესო და უსამართლოდ დავიწ­ყებულ მოგონებას შესთავაზებს საზოგადოებას.
წიგნი გამოიცა მოქალაქეთა შემოწირულობებით.
მარტიდან წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც „სოვლაბის“ ოფისში, ისე წიგნის მაღაზიებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები