ირანიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეზღუდვაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიებს უკვე აცნობა

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიებს უკვე აცნობა,- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ავიაკომპანიებს (Taban Airlines; Qeshm Airlines; Zagros) შესაძლებლობა მიეცათ ჩამოფრინდნენ  საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით. შეზღუდვა ირანში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე მოქმედებს.

„საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას, ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და მომავალში თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას. საქართველოს მთავრობა მუდმივ კავშირზეა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით. როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთის შემდგომ დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მდგომარეობის და მიმდინარე საპრევენციო ღონისძიებების შესახებ.

არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს. ამის მიუხედავად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო იქ მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, დახმარებისთვის საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები