მიხეილ კალანდია: იქ არავის მოსაკლავად მისვლა დაგეგმილი არ გვქონდა, ადგილზე სკოლის ჩანთით და წიგნებით ვიყავი მისული
ყველანაირად ვცდილობდი ჩემ თავზე ამეღო დარტყმა, ყველაზე ძლიერი მე ვიყავი და უფრო ნაკლები საფრთხე იქნებოდა, რომ სარალიძე ჩემკენ წამოსულიყო და არა ჯანაშიასკენ, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, – ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში ისაუბრა.
კალანდიას თქმით, კონფლიქტის ადგილზე სკოლის ჩანთით და წიგნებით იყო მისული და მკვლელობა დაგეგმილი არავის არ ჰქონდა.
„იქ არავის მოსაკლავად მისვლა დაგეგმილი არ გვქონდა, აბიტურიენტი ვიყავი, სახლიდან კონფლიქტის ადგილზე უნარების ჩანთით და წიგნებით ვიყავი წასული. პროკურატურა რას ამბობს, ვიღაც მოვკალი და უნარებზე ვაპირებდი მერე წასვლას? მოვგვარდით, რომ უნდა შევრიგებულიყავით, იმის არანაირი ვითარება არ ყოფილა, რომ სიტუაცია დაიძაბებოდა. დავით სარალიძისგან გამომდინარე დაიძაბა სიტუაცია, დაიწყო ჩხუბი. ჩემი ფარდულში შესვლის მიზანი იყო გიორგი ჯანაშიას დავხმარებოდი. ჯანაშიამ რაც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა აღიაროს, ჯანაშია იმ დღეს კვდებოდა. ჩემი მიზანი იყო დავით სარალიძე ჯანაშიასგან მომეშორებინა, მაგრამ არა დანით და რამე იარაღით, სუფთა ხელით. ყველანაირად ვცდილობდი ჩემ თავზე ამეღო დარტყმა, ყველაზე ძლიერი მე ვიყავი და უფრო ნაკლები საფრთხე იქნებოდა, რომ სარალიძე ჩემკენ წამოსულიყო და არა ჯანაშიასკენ, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, ყველაფერი სწრაფად მოხდა“, – განაცხადა კალანდიამ.