კარლ ჰარცელი – ევროკავშირი ეხმარება საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში

ევროკავშირი ეხმარება საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„კიბერსივრცე ყველას მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა სერიოზულ და მზარდ გამოწვევებსაც გვიქმნის. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები შეშფოთებული არიან იმ მავნე ქცევის გამო, რაც კიბერსივრცეში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უგულებელყოფს. მსოფლიოში მზარდი კიბერსაფრთხეების გათვალისწინებით, ამ ახალ რეალობასთან უკეთ გასამკლავებლად ევროკავშირმა ბევრი ინსტრუმენტი შეიმუშავა, რომელიც ჩვენს პარტნიორებსაც მოუტანს სარგებელს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში.

„ევროკავშირი ეხმარება საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენი ახალი პროგრამა უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მმართველობის სფეროში (SAFE) ყურადღებას ამახვილებს ჰიბრიდულ და სხვა მზარდ გამოწვევებზე. ამ პროგრამის საშუალებით გვსურს, გავაძლიეროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები და გავზარდოთ მედეგობა კიბერდანაშაულის და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიმართული თავდასხმების წინააღმდეგ. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ გლობალურ ბრძოლაში საქართველოს გვერდში უდგანან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელიმ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გმობს საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები