ვახტანგ გომელაური – ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა კონტროლი გაუმჯობესდეს და არ მოხდეს კიბერშეტევა

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა კონტროლი გაუმჯობესდეს და არ მოხდეს კიბერშეტევა, – აღნიშნული განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა რუსეთის მიერ ქართულ სახელმწიფო უწყებებზე და სხვადასხვა საიტებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე საუბრისას გააკეთა.

„კიბერშეტევაზე სახელმწიფომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. დეტალებში ვერ შევალ, ვერ მოვყვები როგორ და რანაირად იყო. ეს მოდიოდა რუსეთიდან, რუსული კვალი იყო. დაიწყება თუ არა გამოძიება, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს. 21-ე საუკუნეა და ეს თემა პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, აშშ-ში, ბრიტანეთში, ევროპის დიდი ქვეყნებში. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ტექნოლოგიები ვითარდება. ჩვენ პრევენციას გავაკეთებთ და ეს დაიხურება მთლიანად. რომ ვთქვა, საფრთხე არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, მოვიტყუები. ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და კონტროლი იყოს, რომ არ მოხდეს კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს ჩაკეტვა, რათა სივრცეში არ შემოვიდეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები