პროფესორ ოთარ ჯანელიძის საჯარო ლექცია გაიმართება

25 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროფესორ ოთარ ჯანელიძის საჯარო ლექცია და სამხედრო თემატიკის წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 25 თებერვალს სრულდება 99 წელი მას შემდეგ, რაც ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის ნაწილები თბილისში შემოიჭრნენ და  საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. კომუნისტური მმართველობის მიერ საქართველოს განთავისუფლების დღედ მონათლული 25 თებერვალი თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნებოდა.
სინამდვილეში, 1921 წლის თებერვალ-მარტში, საბჭოთა რუსეთმა თავსმოხვეულ, გამოუცხადებელ ომში დაამარცხა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ბოლო მოუღო მის არსებობას. რუსეთი ძალმომრეობის გზით ხელმეორედ მობრუნდა საქართველოში, სადაც საოკუპაციო რეჟიმი დაამყარა. კომუნისტური ისტორიოგრაფია საგანგებოდ ჩქმალავდა სიმართლეს და ამკვიდრებდა აზრს, რომ ამ დღემ საქართველოში სათავე დაუდო „ხალხის ნათელ და ბედნიერ ცხოვრებას, გააცისკროვნა ჩვენი მომავალი“.
2010 წელს საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა.
ლექციაში საუბარი იქნება იმ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტრაგიკული აღსასრული, ყურადღება გამახვილდება „25 თებერვლის“ არსსა და მის გაკვეთილებზე.

მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. №5, დამოუკიდებლობის დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები