აკაკი საღირაშვილმა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის მოადგილესთან საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობაზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის მოადგილე მეთიუ ბოლდვინთან.

შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის განვითარების საკითხები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ევროკომისიის მხრიდან შესაძლო ტექნიკურ დახმარებაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საგზაო უსაფრთხოების რეგიონალური ობსერვატორიის შექმნის საკითხზე. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მეთიუ ბოლდვინს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტრანსპორტის სექტორის მხარდაჭერისთვის.

სტოკჰოლმის მაღალი დონის კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიდგომების განსაზღვრას 2020-2030 წლებისთვის, რაც დაეხმარება ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული მძიმე შედეგების რაოდენობა. მინისტერიალში 140 ქვეყნის დელეგაცია და 1700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები