სამართალდამცავებმა ტაქსისტის მკვლელობისთვის და მისი მანქანის დაწვისთვის ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა პირმა ტაქსის მძღოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით მანქანას ცეცხლი წაუკიდა და ადგილიდან მიიმალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები