ირაკლი შოთაძე – საქმე, რომელზეც უგულავას პატიმრობა შეეფარდა, საქართველოს ისტორიაში ალბათ უდიდესი კორუფციული ფაქტია

„თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საკითხზე, გაფლანგვის ნაწილში -„როდესაც საუბარია 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვაზე, საიდანაც 14 მილიონი გაიფლანგა ხელფასებზე და დანარჩენი პარტიას მოხმარდა, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე პასუხად განაცხადა და განმარტება გააკეთა.

„კითხვა დაისვა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საკითხზე, გაფლანგვის ნაწილში -„როდესაც საუბარია 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვაზე, საიდანაც 14 მილიონი გაიფლანგა ხელფასებზე და დანარჩენი პარტიას მოხმარდა“, ამ შემთხვევაში შემიძლია გარკვეული დაზუსტება შევიტანო, რომ 16 მილიონიც და დარჩენილი თანხაც საბოლოო ჯამში მოხმარდა ხსენებულ პარტიას, პარტიულ მიზნებს. ის ფაქტი, რომ ვიღაცებზე დამზადდა პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხა 14 მილიონი, უბრალოდ იყო ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი. დანარჩენი თანხა გამოტანილი იქნა პირდაპირ ბანკიდან მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ნაღდი ვალუტის სახით გამოტანილი იქნა ლიბერთი ბანკიდან და დახარჯული იქნა პარტიული მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს იყო და არის ალბათ უდიდესი კორუფციული ფაქტი, რაც ყოფილა საქართველოს ისტორიაში და რაზეც დღეს განაჩენია დამდგარი“ ,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე განმარტებით, პლასტიკური ბარათები ასეულობით ადამიანზე დამზადდა, თუმცა რეალურად ბარათები ამ მოქალაქეების მფლობელობაში არ იყო.

„რაც შეეხება 14 მილიონ ლარს და ამ ქმედებაში ჩართულ სხვა შესაძლო პირებს, ასეულობით ადამიანზე იყო პლასტიკური ბარათები დამზადებული 14 მილიონის შემთხვევაში, მაგრამ რეალურად ბარათები ამ მოქალაქეების სარგებლობაში არ იყო, გადაცემული ჰქონდათ რაიონულ კოორდინატორებს, რომლებიც ამ თანხას იყენებდნენ პარტიული მიზნებისთვის. რეალურად არანაირი სამსახური არ არსებობდა და უბრალოდ თანხები ირიცხებოდა კონკრეტული პირების ანგარიშებზე“,- აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძემ ისაუბრა სხვა კორუფციულ ფაქტებზეც, რომელიც, მისივე თქმით, ყოფილ მერს უკავშირდება.

„არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ყოფილი მერის მიერ ჩადენილი სხვა კორუფციული ფაქტები, რაზეც ასევე დადგენილია განაჩენი. შემიძლია გაგახსენოთ დასუფთავების სამსახურის თბილსერვისის საქმე, სადაც მსგავსი მეთოდით მოხდა ხუთ მილიონამდე ლარის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის. ასევე მინდა გაგახსენოთ „სითი პარკის“ საქმე, რომელზეც ჯერჯერობით განაჩენი არაა დამდგარი, მიმდინაროებს არსებითი განხილვა, როგოც ჩემთვის ცნობილია, სადაც მერიის მიერ შესაბამისი დარღვევებით ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ჩარიცხვა „სითი პარკისთვის“. აქ საუბარია ორ მილიონ ლარამდე“ ,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შოთაძე ამბობს, რომ ამისთვის შესაბამისი სამართლებრივი გზა არსებობს.

„ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განხორციელდეს. იმ უწყებას, ვისაც შესაბამისად დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი და დღეს საკმაოდ ხმამაღლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს იყო დანაშაული, რადგან სამივე ინსტანციის განაჩენია უკვე დამდგარი, იმ უწყებას, რომლის საბიუჯეტო ასიგნებები არამიზნობრივად გაიხარჯა, უფლება აქვს, სამოქალაქო წესით იდავოს იმ არაკეთილსინდისიერი მოხელეების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამ თანხების არამიზნობრივი გახარჯვა და სამოქალაქო წესით, რეგრესით გზით მოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ეს არის სამართლებრივი გზა, როგორც უნდა მოხდეს თანხების ამოღება“ ,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები