ზუგდიდის მერიაში აუდიტის დასკვნაში გამოვლენილ ხარვეზებს არ უარყოფენ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა წარმართა ხარვეზებით, რითაც სრულად არ არის უზრუნველყოფილი პროგრამის ძირითადი ამოცანები, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მომზადებულ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში გამოვლენილ ხარვეზებს ეხება.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მერიის მიერ აშენებული სახლები რამდენიმე სოფელში დაკეტილია და საცხოვრებლად არ გამოიყენება. გარდა ამისა, აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამუშაოების ნაწილი დაუსრულებელია.
ზუგდიდის მერიაში არ უარყოფენ იმ დარღვევებს, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის 2017-2018 წლის დასკვნაშია საუბარი.
“მე როგორც მერიის წარმომადგენელი, არ უარვყოფ იმ გარემოებებს, რომელიც არის აუდიტის დასკვნაში, მაგრამ ამავდროულად გასათვალისწიბებელია ის გარემოება, რომ მერიის შესაბამის სამსახურებს, დაწყებული აქვთ და აუდიტის შემოწმების პროცესამდე დაწყებული ჰქონდა აღნიშნული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. დადგება თუ არა ვინმეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მერია არ არის უფლებამოსილი და კომოპეტენტური, რომელიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელოს”,- განაცხადა ზუგდიდის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ლექსო თოდუამ.
ანგარიშში ასევე მოყვანილია, სახელმწიფო აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაცია:
„მიზანშეწონილია მერიამ ჩაატაროს სოციალური სახლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების სრული ინსპექტირება, გადახდილი თანხებისა და მიღებული პროდუქტის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამასთანავე, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების შერჩევისას დაინერგოს ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებლის საჭიროების თანხვედრას”, – ნათქვამია ანგარიშში.
ზუგდიდის მერიამ „უსახლკარო და მძიმე საცხოვრენელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში 2015 წლიდან 100- მდე სოციალური სახლი ააშენა.