ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში ლომისის წმიდა გიორგის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ლომისას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.
პირველი ეტაპის სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:
მოხსნილი იქნა მორყეული ქვები ფასადებსა და ინტერიერში, ქვები გაიწმინდა და დაუბრუნდა პირვანდელ ადგილს;
სამხრეთის მინაშენში მოიხსნა მოცურებული კამარა და დაიშალა. გადარჩენილი ქვა გამოყენებულია კედლის წყობაში;
ჩრდილოეთის მინაშენის კედლები აშენდა იგივე ფორმის, ზომისა და ჯიშის ქვით პროექტში არსებული ნიშნულებისა და ზომების მიხედვით;
მექანიკური ჩარევის გზით მოხდა სამხრეთის მინაშენის დასავლეთ ფასადზე ჩამოშლილი კედლისა და არქიტრავული ქვის ადგილზე დაბრუნება;
მიმდინარეობს მთავარ ეკლესიაში კედლის მხატვრობის გამაგრებითი სამუშაოები;
კედლის წყობა აყვანილია კარნიზის ნიშნულამდე;
მთავარი ეკლესიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ფასადებზე მოიხსნა დაზიანებული შელესილობა.

სამუშაოები 2020 წელსაც გაგრძელდება.
ძეგლი მდებარეობს ქალაქის სამხრეთით 2,5 კმ-ზე მთის ფერდობზე ტყეში. ძეგლი ერთიმეორეზე მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება. შუა ეკლესია შედარებით მაღალია გვერდით ეკლესიებზე და X-XI სს განეკუთვნება, ხოლო დანარჩენები მოგვიანებით XIV-XV ს-შია მიშენებული
ლომისას წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები არქიტექტორ-რესტავრატორ ნ. ბაკურაძის ხელმძღვანელობით შპს „ხუროთმოძღვარმა“ განხორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები