ადვოკატი: პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს

შესაძლებელია, ნიკა მელიას ბრალი დაუმძიმდეს კიდეც და მისი საპატიმროში გაშვებაც მოხდეს თუ პროკურორის საჩივარს დააკამყოფილებს, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს.

„პროკურატურის მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია ბანკი „ქართუს“ საქმეზე იმ მუხლშიც გამტყუნდეს, რაშიც საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ჩემი აზრით, პროკურატურის საჩივარი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან პირველ ინსტანციაშიც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ საერთოდ არ იყო მტკიცებულებები მელიას წინააღმდეგ, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ გაიზიარა და ერთ მუხლში გაამართლა. “, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგს, როგორც ადვოკატი აცხადებს, შესაძლებელია, მელიას ბრალი დაუმძიმდეს.

“სააპელაციო სასამართლოს ბრალის დამძიმება შეუძლია მაშინ, როდესაც პროკურორი ასაჩივრებს. ვინაიდან ვიცით, რომ პროკურორს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს, შესაძლებელია, ბრალი დაუმძიმდეს კიდეც და მისი საპატიმროში გაშვებაც მოხდეს თუ პროკურორის საჩივარს დააკამყოფილებს, მაგრამ მე როგორც ადვოკატს, მაქვს მოლოდინი, რომ თუ მოსამართლე ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება, გავლენების ქვეშ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ მელია უნდა გამართლდეს,”- განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის 2 დეკემბერს გამოიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში ნიკა მელია გამტყუნდა და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლება შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები