„მინდა ჩემი ხმა მივაწვდინო ყველას, ვისაც ემიგრანტების ნიჭის წარმოჩენა უნდა“…

„ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ ჩემი სიმღერა იმღეროს, ავურჩევ და ვაჩუქებ“…

ქართველი მუსიკოსი, ვინც ესპანეთის ქალაქ ბურგოსს სიმღერა მიუძღვნა – მაია სიჭინავა, 20 წელია ემიგრანტია. ცხოვრობს ესპანეთში და მუშაობის პარალელურად ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწევა. ბოლო ორი წლის მანძილზე 500-ზე მეტი ლექსი აამღერა, მაგრამ სხვადასხვა პრობლემის გამო ეს სიმღერები არანჟირების გარეშეა დარჩენილი.
ყურადღების მიღმა რჩებიან ნიჭიერი შემოქმედები. არადა, მათაც სჭირდებათ საქართველოს თანადგომა, რომ ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცეთ.
მაია სიჭინავას ამ პრობლემასთან დაკავშირებით  „კვირამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა.

  ესპანეთში ცხოვრობ. უკვე 500-ზე მეტი სიმღერა დაწერე და არცერთი სტუდიურად არ ჩაწერილა. ამის მიზეზად რას დაასახელებ?
– 20 წელია ესპანეთში ვცხოვრობ და 2 წელია, ინტენსიურად დავიწყე სიმღერების წერა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ლექსის ავტორს. რომ არა მათი ლექსები, ვერ ავმღერდებოდი.  მართლაც ბევრი სიმღერა დავწერე, მაგრამ სტუდიურად რომ ჩავწერო, საქართველოში უნდა ვიყო და საფულეც სავსე უნდა მქონდეს.
თბილისში არსებობს კერძო ხმის ჩამწერი სტუდიები, მაგრამ სიმღერის ხარისხიანი ჩაწერა და არანჟირება ძვირი სიამოვნებააიწერება უამრავი ლექსი, სიმღერა და ნოტები თაროებზე რჩება, რადგან ის თანხა, რაც ერთი სიმღერის ჩაწერა ჯდება, ძალიან ბევრია...
– სტუდიები მართლაც მომრავლებულია და ხარისხიანი არანჟირება ძალიან ძვირია. ის თანხა, რაც არანჟირება ღირს, დღეს არც ემიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში ოჯახს ინახავს და არც მანდ, ხალხს რა შემოსავალიც აქვთ, არ არის ხელმისაწვდომი.
კარგი იქნება, რომ სახელმწიფო დაინტერესდეს ნიჭიერი ავტორებით და რამე წამახალისებელი პროექტები  შემოგვთავაზოს, რომ ნიჭი გამოვაჩინოთ.
როგორ აპირებ თავად ამ პრობლემის მოგვარებას?
– ჰონორარზე და საავტორო უფლებებზე ჯერ არ მიფიქრია. თითოეულ სიმღერაში ჩემი სული მღერის და აქ ცხოვრებას ეს მიადვილებს. ვიცი, რომ ახლო მომავალში ეს გასაკეთებელი მექნება და უფალი დამეხმარება.
გაქვს პროექტი – საქართველოს ყველა კუთხეს სიმღერა დაუწერე. ვინმე თუ დაინტერესდა ამ სიმღერებით და ავად როგორ გესახება ამ პროექტის განხორციელება?
– მართლაცდა, ძალიან ლამაზი ლექსები ვიპოვე ინტერნეტის საშუალებით საქართველოს ყველა კუთხეზე და ქალაქებზე. ჩვენს დედაქალაქ  თბილისზე უკვე რამდენიმე სიმღერა მაქვს და ასე შორიდან ვეფერები ჩემს საქართველოს. ვფიქრობ,  როგორმე ეს სიმღერები ქართველებს მოვასმენინო, იქნებ თქვენი პორტალის მეშვეობით ვინმემ წაიკითხოს ჩემი ინტერვიუ და რაიმე იდეა გაუჩნდეს. მე ცოტანი მიცნობენ, როგორც ავტორს და სოლომომღერალს.
ვისაც სურვილი გაუჩნდება, რომ ჩემი სიმღერა იმღეროს, ავურჩევ და ვაჩუქებ.
ესპანურადაც დაწერე სიმღერები და ესპანეთში აპირებ კონცერტს. მანდ როგორ ხდება არანჟირების ჩაწერა?
– ესპანელი მეგობრების თხოვნით დავწერე სიმღერა ცნობილი პოეტის, პაბლო ნერუდას ლექსზე (სამწუხაროდ, არ არის ცოცხალი). ძალიან მოეწონათ,  მაგრამ „იუთუბიზე“ ვერ ავტვირთავ საავტორო უფლებების გამო. ამიტომ მე თვითონ დავწერე ლექსი და ავამღერე კიდეც. ასე ოთხი სიმღერა დავწერე ჩემს ლექსებზე. სულ ხუთი ესპანური სიმღერა მაქვს  და მეექვსე ლექსს ვწერ.
აქ არის ხმის ჩამწერი სტუდია და ერთი ესპანური სიმღერა ჩავწერე, რადგან ამ შემთხვევაში ენობრივი პრობლემა მოხსნილია.  ქართული რომ არ იციან, ვერ ხვდებიან შეცდომას, ამიტომ აქ ქართული სიმღერების ჩაწერას ვერიდები. ისე კი, სტუდიაში საათობრივად იხდი და არც აქაც გამოდის იაფი.
– ბურგოსს ულამაზესი სიმღერა მიუძღვენი…
– ახლა სადაც ვცხოვრობ, იმ ქალაქს მივუძღვენი სიმღერა. მინდა, მივიდე კულტურის განყოფილებაში და, როგორც ავტორს, რა შეღავათები მეკუთვნის, გავარკვიო.
კონცერტის ჩატარებაზეც ვფიქრობ, რომ ვუმღერო ესპანელებს. კიდევ სიახლეა ის, რომ  ჩვენი ემიგრანტები იტალიაში მიწვევენ. თერთმეტი ემიგრანტის ლექსი ავამღერე. სურვილი აქვთ, რომ ჩავიდე მათთან. მეც ძალიან მინდა წასვლა, მაგრამ ისეთი სამუშაო გრაფიკი მაქვს, როგორ მოვახერხო, ჯერ არ ვიცი.
– უამრავი ნიჭიერი შემოქმედი მოღვაწეობს უცხოეთში. ემიგრანტ ქართველ შემოქმედებსაც სჭირდებათ საქართველოს ყურადღება, რომ ნიჭის რეალიზების საშუალება მიეცეთ
– მინდა ჩემი ხმა მივაწვდინო ყველა იმ ორგანიზაციას – სახელმწიფოს თუ კერძოს, რომელსაც სურს, ხელი შეუწყოს ემიგრანტების ქართული ნიჭის წარმოჩენას, იცოდეს, რომ ჩვენ ვარსებობთ და ჩვენი ხელოვნება გულწრფელია – ტკივილზე და ცრემლებზე გამოვლილი და უფლისგან ბოძებული.
და თუ რამეს ვაკეთებთ, –  ვწერთ ლექსებს თუ სიმღერებს, ვხატავთ თუ ვქსოვთ, ამ ყველაფერში ჩვენი ქვეყნის სიყვარული დევს.
მადლობა უფალს, რომ ქართველი ვარ და ქართულად ვმღერივარ…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები