ახალციხეში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მორიგი რეგიონული შეხვედრა ჩატარდა
ახალციხეში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მორიგი რეგიონული შეხვედრა ჩატარდა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ოთარ შამუგიამ მიმართეს.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მისი უწყებების მეშვეობით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რეგიონში მნიშვნელოვნად არის განვითარებული სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და კოოპერაციული საწარმოების რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით არსებული პროგრამების და სერვისების შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა“ -განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარამადგინეს.
შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან იმართება.