შს მინისტრის მოადგილე: შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი შემცირდა
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიშის წარდგენისას სტატისტიკურ მონაცემებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
უწყების ინფორმაციით, 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ მხოლოდ 4%-მა დაარღვია. 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერების დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი.
შსს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე შემცირებულია ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. რაც მდგომარეობს შემდეგში, ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს 14 ქალი გარდაიცვალა, 2017 წელს – 14 ქალი, 2018 წელს – 7 ქალი, ხოლო 2019 წელს – ასევე 7 ქალი.
უწყების ინფორმაციით, გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში მიცემული იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს – 9 პირი.