საფრანგეთში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა
საფრანგეთის ქალაქ ლილში 44 წლის ჩეჩენი ბლოგერი იმრან ალიევი მოკლეს, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Point ავრცელებს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, მოკლულს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა, პოლიციამ კი ადგილზე ბასრი იარაღი აღმოაჩინა.
ალიევი სოციალურ ქსელებში ჩეჩენ ლიდერს, რამზან კადიროვს ხშირად აკრიტიკებდა და მას ადამიანის უფლებათა დარღვევებში ადანაშაულებდა. ერთ-ერთ ვიდეოში ბლოგერი ამბობდა, რომ გასული წლის ზაფხულში მის ლიკვიდაციაც ცდილობდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, წყარომ პოლიციაში განაცხადა, რომ “მკვლელობას პოლიტიკური მოტივის ყველა მახასიათებელი აქვს”. გამოძიება ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
წყარო: report.ge