კახა ძაგანია: თავად ევროპელებიც დარწმუნდებიან, რომ 50 მილიონის ქურდის გამო პოლიტიკური მიზნებისთვის არის ატეხილი საქმე
თავად ევროპელებიც დარწმუნდებიან, რომ 50 მილიონის ქურდის გამო ტყუილუბრალოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის არის ატეხილი საქმე, – ასე ეხმაურება „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივნი კახა ძაგანია ვროპარლამენტარების მიერ გიგი უგულავას დაკავების საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მისიის გამოგზავნას.
ძაგანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„როგორც ვიცით, ევროპარლამენტრები უკვე მზად არიან ჩამოვიდნენ და გაიარონ უგულავას საკითხი. ეს ძალიან კარგი იქნება. გამოჩნდება შავი და თეთრი. ნათელი მოეფინება, რამდენად დამნაშავეა უგულავა, თუ არ არის დამნაშავე. თავად ევროპელებიც დარწმუნდებიან, რომ 50 მილიონის ქურდის გამო ტყუილუბრალოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის არის ატეხილი საქმე. დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს. 50 მილიონის გამო ჩვენი ასობით თანამოქალაქე დაზარალდა. წარმოიდგინეთ, რამდენი კარგი საქმე შეიძლებოდა გაკეთებულიყო დედაქალაქში 50 მილიონი ლარით. 50 მილიონის ქურდი უნდათ, შემოგვასაღონ პოლიტიკურ პატიმრად და ანგელოზად. ასეთი ვითარებაა“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, გადაწყდა, რომ ევროპარლამენტარების მონაწილეობით მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შეიქმნება. ვოლსკიმ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
„უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა, შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებას და გამოტანილ განაჩენს. გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემადგენლობით ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს, თუ რა მოხდა.
ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი მხოლოდ მას მერე, რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას და ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. უგულავა უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.
თამუნა შეყილაძე