მამუკა მდინარაძე: გვსურს, მადლობა გადავუხადოთ აშშ-ის საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც, დიალოგისკენ მოგვიწოდებს
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური დიალოგის პროცესში ერთგვარი შუამავლის როლის შესრულების მზადყოფნისთვის აშშ-ის საელჩოს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც, მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის, ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში.
ბუნებრივია, ვუერთდებით საელჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა, თუმცა აღვნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართლოს და არა პოლიტიკოსებს ან რომელიმე პოლიტიკოსს, – განაცხადა მდინარაძემ.