გიორგი გაჩეჩილაძე: ოპოზიცია დესტაბილიზაციის სქემას ამზადებს და მოლაპარაკებები მათ ინტერესში არ შედის
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების” თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერების დღევანდელი განცხადებები შეაფასა.
მისი თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან მათ არანაირი მოლაპარაკება არ აინტერესებთ და დესტაბილიზაციაზე არიან ორიენტირებულები.
„ოპოზიციასთან მოლაპარაკებას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან მათ არანაირი მოლაპარაკება არ აინტერესებთ, დესტაბილიზაციაზე არიან ორიენტირებული და არჩევნებისთვის დესტაბილიზაციის სქემას ამზადებენ. ეს არის მათი მიზანი. ეს გამოჩნდა კიდეც გუშინდელი სხდომის შემდეგ. ყველასთვის ნათელი იყო, რომ 10 თებერვალს უნდა გამოეცხადებინათ უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება და ამას დაამთხვიეს მათი შეკრება, რომ შემდეგ ეს მოლაპარაკების ჩასაშლელად გამოეყენებინათ. ეს თეთრი ძაფით არის ნაკერი. ევროკავშირის შუამავლობით ერთი მაგიდის გარშემო დასხდნენ და ისაუბრეს, თუმცა ანგარიში არავის გაუწიეს. უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებული იყო კარგი ვარიანტი, რაც არ მიიღეს“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას აანონსებს. აღნიშნულის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, გარდა მასშტაბური აქციისა, ისინი 4 აპრილს საერთო სამოქმედო პოლიტიკურ გეგმას წარადგენენ.