ეკა ბესელია: ჩათვალა “ქართულმა ოცნებამ”, რომ ამ დიალოგის დასრულებამდე ეს გზა იქნებოდა მისთვის უკეთესი

ბოლო რაუნდის ბოლო შეხვედრის წინ ასეთი გადაწყვეტილება არღვევს ყველა წესს და აკრძალულ ხერხზე მიმართვას ჰგავს, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას.

ბესელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კრიზისს ქმნის და ამიტომ ოპოზიციამ მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

“ბოლო რაუნდის ბოლო შეხვედრის წინ ასეთი გადაწყვეტილება არღვევს ყველა წესს და აკრძალულ ხერხზე მიმართვას ჰგავს, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გათვლილი იყო და ეს არ არის ასე გაუაზრებელი გადაწყვეტილება. ჩათვალა “ქართულმა ოცნებამ”, რომ ამ დიალოგის დასრულებამდე ეს გზა იქნებოდა მისთვის უკეთესი. ყველაზე მცდარი მგონია, რომ ყველა გზა გადაიჭრას და პროცესი წავიდეს ქაოტურად, ამიტომ ჩვენ მაინც უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, მაქსიმალური წინდახედულება, როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ქმნის კრიზისს,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა არ გაიმართება.

უზენაესმა სასამართლომ გუშინ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები