გერმანიის პროკურატურა ზელიმხან ხანგოშვილის, სავარაუდოდ, მკვლელის დასაკავებლად, ორდერის გაცემას გეგმავს
გერმანიის ფედერალური პროკურატურა, ბერლინში 23 აგვისტოს მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, სავარაუდო, მკვლელის, რუსეთის მოქალაქის, დასაკავებლად, ორდერის გაცემას გეგმავს.
ამის შესახებ სააგენტო dpa წერს.
ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს, თავდაპირველად, ბერლინის პროკურატურა იძიებდა, თუმცა მოგვიანებით, საქმე ფედერალურ პროკურატურას გადაეცა, რაც იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მკვლელობაში, ეჭვმიტანილია სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები.
უწყების პრესსამსახურში აღნიშნავდნენ, რომ ქვეყნის საგამოძიებო ორგანოები ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებაში რუსეთის, ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოების, სავარაუდო, კავშირს სწავლობდნენ.
მკვლელობიდან მალევე ეჭვმიტანილი, რუსეთის პასპორტის მქონე, ვინმე ვადიმ სოკოლოვი დააკავეს. The Insider-ის ინფორმაციით, სინამდვილეში, ვადიმ სოკოლოვი – 54 წლის ვადიმ კრასიკოვია, რომელიც რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში, 2014 წელს იყო გამოცხადებული.
ამჟამად, ეჭვმიტანილი დაკავებულია და ბერლინში იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ფედერალური პროკურატურა დაკავების საკუთარ ორდერს გასცემს, მას კარლსრუეს ფედერალურ სასამართლო პალატაში მიიყვანენ, სადაც მისი განმეორებითი დაკითხვა მოხდება.