ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მშრალხევის ღვთისმშობლის ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მშრალხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო. დაზიანებული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი, შეინიშნებოდა ბზარები, სახურავი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.
სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:
ძეგლი გაიწმინდა ჩამონაყარი მიწისგან, ქვისგან და მწვანე ნარგავისგან;
ძეგლზე დასავლეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მოხდა საძირკვლის გამაგრება;
გაკეთდა ბზარების ინექტირება;
შეივსო ფასადებზე ნაკლული ქვის წყობა, მორყეული კი გამაგრდა;
ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში,გაწმენდის შემდეგ, გამოჩნდა აგურის კარნიზი, რის მიხედვითაც მოეწყო ერთი რიგი აგურის თარო კარნიზი;
ეკლესია გადაიხურა მეორადი კრამიტით;
იატაკზე დაიგო რიყის ქვა კირხსნარზე;
შესასვლელში ჩამოიკიდა ხის კარი ლითონის ელემენტებით და საკეტით.
ეკლესიის გარშემო ტერიტორიის გასუფთავებისას გამოვლინდა სამხრეთის მხრიდან მინაშენის კედლები, რომელსაც გაუკეთდა საკონსერვაციო ფენა.
ეკლესია განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ნაშენია ადგილობრივი ჯიშის კლდის და რიყის ქვებით.
სოფელ მშრალხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ხუროთმოძღვარმა“ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები