კახა კალაძე: ამ სისტემით მოვედით ხელისუფლებაში მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ყველაფერს დაპატრონებული იყო
“დღეს მოქმედი სისტემით მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო დაპატრონებული ყველაფერს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებას არ დათანხმდება არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.
„გამოსავალი არის ის კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას. თუ ისინი არ დათანხმდებიან, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით, რომელიც არის დემოკრატიული, კონსტიტუციური. სხვათაშორის, ამ სისტემით მოვედით ჩვენ ხელისუფლებაში მაშინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო დაპატრონებული ყველაფერს. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი – მოიპოვოს მყარი უმრავლესობა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზციის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო მოდელზე ეუთო/ოდირმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას, სისტემა, როგორიც არ უნდა იყოს, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, ხოლო ამა თუ იმ სისტემის არჩევა ფართო დისკუსიებისა და კონსენსუსის საგანი უნდა იყოს.