“გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა არამხოლოდ ქართველების, არამედ ოსებისთვისაც რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია.

მისივე თქმით, ხელისუფლება არც საერთაშორისო თუ სხვა ფორმატების გამოყენებას არ ერიდება, რათა ეს უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემა აღმოიფხვრას.

„ჩვენ არც საერთაშორისო თუ სხვა ფორმატების გამოყენებას არ ვერიდებით, რათა ეს უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემა იქნას დაძლეული. პირდაპირ ვამბობ, ეს ზომა, გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა არამხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და
ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში.

80%-ზე მეტით არის დაცარიელებული ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, დიდი წილი არის დევნილებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მაგრამ სხვები, ვისაც კი შეუძლიათ, გარბიან რეგიონიდან, რადგან იქ განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა. საუბედუროდ, ამ რეგიონში ძალიან რეგულარული პრაქტიკაა საბჭოთა თარიღების აღნიშვნა, ყელსახვევების ტარება, საბჭოთა ლიდერების პორტრეტების ფონზე სიმღერა – ეს არის ტრაგიკული, რადგან ამაში ჩართულები არიან ახალგაზრდები, ბავშვები და ამას შეფასება არ სჭირდება, ეს არის წარსულისაკენ, რომელიც დაინგრა და უნდა დანგრეულიყო, ფაქტობრივად მიქაჩვის მცდელობა ნაცვლად იმისა, რომ მომავლისკენ ჰქონდეთ რაიმე პერსპექტივა“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები