ქუთაისში კლასიკური მუსიკის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში პიანისტ დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა. ცნობილი მისიკოსი ქუთაისის ოპერისა თეატრის ორკესტრთან და დირიჟორ – რევაზ ჯავახიშვილთან ერთად მაყურებლის წინაშე პეტრე ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტით №1 სი-ბემოლ მინორით წარდგა.
კონცერტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მხარდაჭერით გაიმართა.
დავით ალადაშვილი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად არაერთ კონცერტს მართავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
აღსანიშნავია 2017 წელს ქართველი მსმენელისთვის მოფიქრებული რეგიონალური ტურნე „პიანინო“, რომელიც 14 დღის განმავლობაში საქართველოს 12-ვე რეგიონში 50-მდე პერფორმანსის ჩატარებას გულისხმობდა. ერთ-ერთი გამორჩეული კონცერტი სწორედ ქუთაისში ჩატარდა.
„ემოციური ვირტუოზი დაბადებული სცენისთვის“ – ასე მოიხსენიებენ დავით ალადაშვილს მუსიკალურ საზოგადოებაში. მან ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება საფორტეპიანო ხელოვნებაში ნიუ-იორკის „The Juilliard School“- ში მიიღო.
პიანისტმა მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალში მიიღო, ჩაატარა სოლო, კამერული და საორკესტრო კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები