მცხეთაში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დასრულდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რეგიონებში განსახორციელებელი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა.
როგორც “კვირას” მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მცხეთაში შემავალ 65 სოფელში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სოფლის კრებები 23 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ შეხვედრებზე დასახელებულ პრიორიტეტებს შორის გზების რეაბილიტაციის, წყლის სისტემების მოწესრიგებისა და გარე განათებების მოწყობის პროექტები ჭარბობს. სოფლის მცხოვრებთა მიერ არჩეული ყველა პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, წლის ბოლომდე განხორციელდება.
4 თებერვალს, ბოლო შეხვედრა, ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან სოფელ ცხვარიჭამიაში გაიმართა, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად დაესწრო. კევლიანის, მამკოდის, მშრალხევის, ლელუბნის, თეზამისა და ცხვარიჭამიის მოსახლეობამ პრიორიტეტებად გარე განათებების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, სანიაღვრეების რეაბილიტაცია და სასმელი წყლის რეზერვუარის შესყიდვა დაასახელა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევიდა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა.
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
პროგრამის მიზანია ქართული სოფლების კიდევ უფრო გაძლიერება და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. შეხვედრებს ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს დეპუტატები.