102 წლის წინ კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი გაიხსნა

102 წლის წინ, 1918 წლის 8 თებერვალს, უნივერსიტეტის საზოგადოების დიდი მონდომებისა და მათი იდეის მხარდამჭერების შემოწირულობების შედეგად, კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი გაიხსნა. ამ თარიღთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი ივანე ჯავახიშვილისადმი მიწერილ ყარამან კიკნაველიძის წერილს აქვეყნებს.
„ღრმად პატივცემულო ბატონო ივანე! ქართული უნივერსიტეტის დაარსების აზრმა უზომოთ გამახარა, ვინაიდან ვგრძნობ, რომ ამ აზრის განხორციელებით ჩვენს ქვეყანას აღორძინების ახალი ხანა უდგება.
ნება მიბოძეთ, მე, როგორც ჩვენი ერის წინმსვლელობის მონატრებულმა ქართველთაგანმა, ერთდროულ დახმარებით ჯერჯერობით მოგართვათ ასი თუმანი (ათასი მანეთი) ქართული უნივერსიტეტის დასაარსებელ თანხის გასაძლიერებლათ.
იმედია, თქვენის ჩვეულებრივი მუყაითობით ჩვენს სამშობლოს მალე ეღირსება საკუთარი უმაღლესი სასწავლებელი ჩვენს დედაქალაქ თბილისში,“ – 1917 წლის ოქტომბერში, უნივერსიტეტის საზოგადოების მორიგი კრების დროს, კრების თავმჯდომარემ, ივანე ჯავახიშვილმა აზნაურ ყარამან კიკნაველიძის წერილი მიიღო.
ყარამან კიკნაველიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უნივერსიტეტის შექმნის იდეას თანხა შესწირა. მისი ურთიერთობა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ამ წერილით არ დასრულებულა. ის ასევე იყო ინიციატორი სტუდენტური საცხოვრებლის აშენებისა და პირობას დებდა, რომ ყველანაირ ხარჯს თავად დაფარავდა.
წყაროებიდან ირკვევა, რომ აზნაურმა მართლაც შეიძინა მიწა სტუდენტური საცხოვრებლის ასაშენებლად, თუმცა ვერ შეძლო ამ საქმეს ბოლომდე მიჰყოლოდა. უნივერსიტეტის დაარსებიდან რამდენიმე დღეში, 1918 წლის 13 თებერვალს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები