დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე გამოვიდა – გამოსვლის ძირითადი ასპექტები

აშშ-ის პრეზიდენტმა, კონგრესს „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“ მოხსენებით, შესაძლოა, უკანასკნელად მიმართა. ქვეყანაში 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებია.

აშშ-ის ლიდერმა გამოსვლაში სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო პოლიტიკაზე და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნისთვის აქტუალურობას წარმოადგენს.
აღნიშნულ საკითხებს შორის იყო, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, ავღანეთი, ირანი, ჩინეთთან ვაჭრობა, ვენესუელა და სხვა.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ტრამპმა გამოსვლა მიღწეულ შედეგებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს „ამერიკის დიდი დაბრუნება“მოხდა, მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის თავზე, ამერიკის მტრები „გაიქცნენ“.

„ამერიკის მტრები გაიქცნენ, ქვეყნის დოვლათი იზრდება, მომავალი კი ნათელით არის გაცისკროვნებული. სამი წლის განმავლობაში, ამერიკის დაცემასთან დაკავშირებით არსებული წარმოდგენები დავამსხვრიეთ და ამერიკის დამცირება უარვყავით. ისეთი სისწრაფით მივიწევით წინ, რაც ადრე წარმოუდგენელიც კი იყო, და უკან არასდროს დავიხევთ! შევქმენით 6 მილიონი სამუშაო ადგილი, ეს 5 მილიონზე მეტია, ვიდრე წინა ადმინისტრაციის ექსპერტები ვარაუდობდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

გამოსვლის დიდი ნაწილი მან ამერიკის ეკონომიკას დაუთმო და აღნიშნა, განსაკუთრებით კი, დადებულ ახალ სავაჭრო შეთანხმებებს გაუსვა ხაზი, მათ შორის ჩინეთთან შეთანხმების პირველ ფაზას, მექსიკასთან და კანადასთან დადებულ შეთანხმებებს.

მისი თქმით, აშშ-ის სტრატეგია ჩინეთთან სავაჭრო კონფლიქტის ჭრილში იმუშავა და მოხერხდა გარიგების დადება.

„ჩვენმა სტრატეგიამ იმუშავა. რამდენიმე დღის წინ, ჩინეთთან პრინციპულად ახალ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ჩვენს მუშა ხელს, ინტელექტუალურ საკუთრებას დაიცავს, მილიარდებს მოგვიტანს და პროდუქტებისთვის ახალ ბაზრებს გაგვიხსნის“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამერიკული თავისუფლებების დასაცავად, მისმა ადმინისტრაციამ შეიარაღებულ ძალებში რეკორდული, 2,2 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

„საუკეთესო თვითმფრინავები შევიძინეთ, რაკეტები, გემები, ყველა ტიპის სამხედრო ტექნიკა – ამასთან, ყველა მათგანი აშშ-ში არის წარმოებული. როგორც იქნა ვაღწევთ იმას, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში ხარჯის გაზრდა უზრუნველყონ. ჩემი ძალისხმევით, ნატოში სხვა ქვეყნების შენატანი, 400 მლრდ დოლარით გაიზარდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებაზე საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ „გასულ კვირას ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გეგმა წარვადგინე. აღვნიშნავ, რომ ყველა წინა მცდელობები ჩავარდა. რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საუკეთესო მომავლის შესაქმნელად უდრეკი უნდა ვიყოთ“.

ამერიკის ლიდერმა ასევე თქვა, რომ მას სურს ავღანეთში კონფლიქტი მალე დაასრულოს, „ავღანეთში ასობით ათასი ადამიანის დახოცვას არ ვაპირებ, მათი უმრავლესობა უდანაშაულოა. ასევე, არ ვართ ვალდებული დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს უსაფრთხოების ძალების სახით. მსოფლიოში საუკეთესო სამხედროები გვყავს, რომლებიც გამარჯვებაზე არიან ორიენტირებული, ან კონფლიქტში საერთოდ არ ჩაერთვებიან. ვმუშაობთ, რომ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივ ომს წერტილი დავუსვათ და ჩვენი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთ“.

დონალდ ტრამპმა ირანის ხელესუფლების მხრიდან აშშ-ის ეკონომიკურ დახმარებაზე უარის თქმა – სისულელე უწოდა.

„მისი დალაგება უმოკლეს დროში შეგვიძლია, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი ძალიან ამაყები არიან, ან ძალიან სულელები, რომ დახმარება გვთხოვონ. ვნახავთ, რა გზას აირჩევენ. ეს მთლიანად მათზეა დამოკიდებული“,-თქვა ტრამპმა და თეირანს კვლავ მოუწოდა უარი თქვას ბირთვული იარაღის შემუშავებაზე, „ირანის რეჟიმი ვალდებულია უარი თქვას ბირთვულ იარაღზე, ტერორის, სიკვდილისა და ნგრევის გამოწვევაზე“.

ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ადმინისტრაციის ძალისხმევით, ქვეყანაში მექსიკიდან მიგრანტების მოხვედრის რიცხვმა იკლო.

„ჩვენი უპრეცედენტო ძალისხმევით, საზღვრის არალეგალური გადაკვეთა, გასული წლის მაისიდან, 75%-ით შემცირდა, და მცირდება. კედლის აშენების პარალელურად, ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა მატულობს. მომავალ წელს კედლის აშენებას მთლიანად დავასრულებთ“,-თქვა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა კონგრესს თხოვნითაც მიმართა, რომ მოხდეს თანხების გამოყოფა მარსაა და მთვარეზე ასტრონავტების მოსახვედრად.

კონგრესში ტრამპის გამოსვლას, ვენესუელის პრეზიდენტად გამოცხადებული, ოპოზიციის ლიდერი და ქვეყნის პარლამენტის სპიკერი, ხუან გუაიდო ესწრებოდა, რომელსაც დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები, ფეხზე დგომით და ტაშით მიესალმნენ.

ვენესუელაზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ „ვენესუელაში ტირანიას დაასრულებს“, „შეერთებული შტატები 59 ქვეყნისგან შემდგარ დიპლომატიურ კოალიციას უძღვება, ვენესუელის დიქტატორ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ. მადურო – უკანონო მმართველია, ტირანი, რომელიც საკუთარ ხალხს სასტიკად ექცევა. მაგრამ მადუროს ხელისუფლების ტირანია დასრულდება“.

ტრამპმა გამოსვლაში არც ტერორისტები დაივიწყა და მიმართა მათ, „ტერორისტებისადმი ჩვენი გზავნილი ნათელია, “თქვენ ამერიკის მართლმსაჯულებას ვერ გაექცევით. თუ ჩვენს მოქალაქეებს დაესხმებით, სიცოცხლეს გამოესალმებით!“. ამ კონტექსტში ამერიკის ლიდერმა, 3 იანვარს ბაღდადში ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ქასემ სოლეიმანიც გაიხსენა და თქვა, რომ ის „მთავარი ტერორისტი“ იყო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები