გენადი მარგველაშვილი: უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში მობილობით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა პროტესტი უნარების გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით არასამართლიანია

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მარგველაშვილის თქმით, მათი მოთხოვნა გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით არასამართლიანია.

“სტუდენტთა ნაწილი, რომელთაც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობა სურთ, ბოლო რამდენიმე დღეა პროტესტს გამოხატავენ იმის გამო, რომ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად უწევთ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ პირმა მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება ვალდებულია ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 09/ნ ბრძანების თანახმად კი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

სტუდენტები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად, კომპეტენციების დადასტურების მიზნით, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას, ზემოთ თქმული ვალდებულების თაობაზე წელიწადზე მეტია ინფორმირებულები არიან. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან მათ მიეწოდათ ინფორმაცია მინისტრის ბრძანების შესახებ, შესაბამისად მათი მოთხოვნა გამოცდის მოხსნასთან დაკავშირებით არასამართლიანია.

აქვე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სახელით მინდა მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობას, ყურადღება მიაქციონ სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ნუ ენდობიან მხოლოდ იმ შუამავალ ორგანიზაციებს, რომელთაც ნებით თუ უნებლიედ შეცდომაში შეჰყავთ სტუდენტები. და ბოლოს, მინდა სტუდენტებს ხვალინდელ გამოცდაზე წარმატებები ვუსურვო”, – წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები