ლუკ კოფი: ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველოს წევრობა მიანიჭოს

„ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველოს წევრობა მიანიჭოს“, – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა თურქული ტელეკომპანია „ტეერტეს“ ვებპლატფორმაზე ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის წერილი.

ამერიკელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ს საიმედო მოკავშირის რეპუტაცია და მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსში ქვეყნის წევრობის სასარგებლოდ დამაჯერებელი არგუმენტია.

„მას კარგი პოზიცია აქვს. თურქეთი დიდი ხანია, საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებების მხარდამჭერი იყო, როდესაც ალიანსის ბევრი სხვა წევრი ყოყმანობდა ამ საკითხზე. ევროპაში ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც ნატო-სთან დაკავშირებით ისეთივე ენთუზიაზმი გააჩნია, როგორც საქართველოს, იმის მიუხედავად, რომ ის წევრი არაა. მართალია, ნატო-საქართველოს ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მჭიდრო, თუმცა თბილისი ვერ კვეთს სრული წევრობის ფინიშის ხაზს.

მას შემდეგ ნატო-ს ყოველ მომდევნო სამიტზე წევრობისადმი მხარდაჭერა დასტურდება. როგორც 2016 წლის დეკემბერში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, „საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი“. სწორედ ამიტომ, წევრობის მხრივ რეალური პროგრესის მიღწევის შეყოვნება ქართველების ასეთ იმედგაცრუებას იწვევს“, – მიიჩნევს ამერიკელი მკვლევარი.

„საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მართალი იყო, როდესაც განაცხადა, რომ „ჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი მოკავშირე“. საქართველო არის მნიშვნელოვანი ალიანსისთვის რამდენიმე მთავარი მიზეზით. უპირველეს ყოვლისა, საქართველო არის გამოცდილი და საიმედო მოკავშირე. 2012 წელს, როდესაც ნატო-ს ბევრი ქვეყანა ავღანეთის გასასვლელი კარისკენ გარბოდა, საქართველომ იქ არსებულ მისიაში მონაწილეობისთვის დამატებით ასობით სამხედრო გაგზავნა. ავღანეთში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის პიკზე მას მსოფლიოს თუ არა, ქვეყნის ყველაზე საშიშ ადგილებში, ჰელმანდისა და ყანდაღარის პროვინციებში ორი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა განთავსებული. დღეს საქართველოს ავღანეთში დისლოცირებული ჰყავს თითქმის 900 სამხედრო, რითაც ის ნატო-ს საწვრთნელი მისიის უმსხვილესი არაწევრი კონტრიბუტორია. მეორე მხრივ, საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა მას ნატო-სთვის მნიშვნელოვანს ხდის. ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც ეს თურქეთზე უკეთ ესმის. სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ და კულტურულ გზაჯვარედინს და საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა, რომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით“, – წერს კოფი.

წერილის ავტორის თქმით, დღეს საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ასეთივე მნიშვნელოვანია. საქართველოს ტერიტორია, ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკური შესაძლებლობები გამოიყენება ნატო-ს ძალებისა და ტვირთების ავღანეთში ტრანსპორტირებისთვის.

როგორც პუბლიკაციაში წერია, წლების განმავლობაში საქართველო ახორციელებდა მნიშვნელოვანი აეროპორტებისა და პორტების მოდერნიზებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება შავი ზღვის რეგიონს. ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე გადის საკვანძო გაზსადენები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მილსადენები, გაზის სამხრეთის დერეფანი, ასევე მნიშვნელოვანი რკინიგზის ხაზები, როგორიცაა ბოლო პერიოდში გახსნილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ საქართველოს გზა დემოკრატიისკენ რეგიონში სამაგალითოა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენიდან, საქართველო დემოკრატიისკენ განუხრელ გზაზეა. რეგიონული სტაბილურობისათვის ამერიკის ინტერესებში შედის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ეს კურსი. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობები მიჰყვებოდნენ ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიის განვითარების დღის წესრიგს. 2003 წლის მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო მტკიცედ ემხრობა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას“, – წერს ავტორი.

ლუკ კოფის აზრით, ალიანსში საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით ნატო-ს წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი შემაშფოთებელი საკითხი რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციაა.

„რუსეთი იყენებს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაციას როგორც საუკეთესო გზას, რომ საქართველო ნატო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გარეთ შეინარჩუნოს. ეს არის მოსკოვის ხელში არსებული დე ფაქტო ვეტო და ეს მიუღებელია“, – აღნიშნავს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.

„საბედნიეროდ, ზოგიერთმა მოიფიქრა რუსეთთან ომის გაჩაღების გარეშე საქართველოს ნატო-ში მიღების კრეატიული გზები. ერთადერთი კითხვა რჩება, აქვთ თუ არა ატლანტიკის ორივე მხარეს ლიდერებს პოლიტიკური ნება და კრეატიულობა, რომ საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანება შესაძლებელი გახადონ“ , – წერს ლუკ კოფი.

მისი თქმით, საქართველო ევროპაში ასევე წარმოადგენს იდეას, რომ ყოველ ქვეყანას აქვს სუვერენული შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს თავისი გზა, გადაწყვიტოს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები და როგორ და ვინ უნდა მართოს ის.

„ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს პატივცემული და არც ერთ გარე მოთამაშეს (ამ შემთხვევაში, რუსეთს) არ უნდა ჰქონდეს უფლება, დაადოს ვეტო ნატო-ს მსგავს ორგანიზაციებში წევრობას ან მათთან ურთიერთობას.

რუსეთის ინტერვენციისა და მისი შედეგების შემდეგაც, საქართველომ არ თქვა უარი დასავლეთთან დაახლოებაზე. ამით საქართველო გახდა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი. დროა, ალიანსმა წევრობის საკითხზე პროგრესს მიაღწიოს, გაითვალისწინოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს რჩევა და მიიღოს საქართველო ნატო-ში“, – წერს ლუკ კოფი.

წყარო: პირველი არხი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები