ირაკლი შოთაძე: გადადგომა იყო ჩემი გადაწყვეტილება, ჩემთვის იმ შემთხვევაში ეს თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა
გადადგომა იყო ჩემი გადაწყვეტილება და გამომდინარეობდა ზოგადად პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთან გასაუბრების დროს, მის მიერ 2018 წლის 31 მაისს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განმარტა.
შოთაძის თქმით, იმ პერიოდში შექმნილი ვითარება და საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა მეტწილად განპირობებული იყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ ტრაგედიით მანიპულირებით.
„არაერთხელ ვისაუბრე იმ მოტივებზე, მიზეზებზე, რის გამოც მივიღე მაშინ გაადგომის შესახებ გადაწყვეტილება. ეს, რა თქმა უნდა, იყო ჩემი გადაწყვეტილება და გამომდინარეობდა ზოგადად პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან.
ვფიქრობ, მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც მართლაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც ვისაუბრე აქამდე, იმ პრობლემებზე, რაც საზოგადობეაში არსებობს, შეიქმნა საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა.
შესაბამისად, ყოველდღიურად ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, ვინაიდან ზოგადად სისხლის სამართლის საქმეები, მათზე მიმდინარე გამოძიება არის ძალიან აქტუალური საზოგადოებაში, ხშირად ცდილობენ ამ საქმეების საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მიზნით გამოყენებას. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ პერიოდში შექმნილი სიტუაცია და საზოგადოებაში არსებული გაუგებრობა მეტწილად განპირობებული იყო ზუსტად პოლიტიკური პარტიების მხრიდან გარკვეულად ამ ტრაგედიით მანიპულირებით.
საზოგადოება შეცდომაში იყო შეყვანილი, ვინაიდან რეალურად იყო მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გრძელდებოდა მართლმსაჯულების პროცესი და ყველაფერი წინ იყო. საგამოძიებო ორგანოებს, შსს-ს, ასევე პროკურატურას, ბრალდების მხარეს მე ვფიქრობდი მაშინ, რომ დიდი სამუშაო ჰქონდა გასაწევი, რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულებულიყო. მე, რა თქმა უნდა, დღეს საქმის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ რასაც ვხედავ, ეს პროცესი მიმდინარეობს და საკმაოდ აქტიურად, არის მთელი რიგი შედეგები ამ საქმეზე“ ,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ირაკლი შოთაძის განმარტებით, მთავარი შეტყობინება, რაც გადადგომის დროს საზოგადოებას მიაწოდა, იყო ის, რომ აღნიშნული თანამდებობა იმ შემთხვევაში მისთვის არაფერს წარმოადგენდა.
„შესაბამისად, ჩემი მთავარი მესიჯი საზოგადოების წინაშე იყო ის, რომ დაენახა საზოგადოებას, ჩემთვის იმ შემთხვევაში ეს თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა. იყო შესაძლებლობა, სამსახურში, საზოგადოების, კანონის სამსახურში ვყოფილიყავი და აგვესრულებინა მართლმსაჯულება. შესაბამისად, იქ პირადად მე არანაირი მოტივაცია არ მქონია, რომ რამე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩამედინა ან ჩემი სამსახურებრივი უფლებამოსილება კანონის საწინააღმდეგო მიზნებისთვის გამომეყენებინა.
საზოგადოებისთვის სწორედ ამის საჩვენებლად, რომ ეს იყო ფაქტი და რეალობა, მე მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. ასევე, ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო, ამ საქმეზე გაგრძელებულიყო მართლმსაჯულების პროცესი, წასულიყო სამართლებრივი გზით და საქმე მისულიყო ლოგიკურ დასასრულამდე. ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილებით შეიქმნა ამის შესაძლებლობა და მე დღესაც არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება მომავალს, ჩვენ დავინახეთ ის შეცდომები, ის რეალობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს მსგავს სიტუაციამდე და ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ მსგავსი ვითარება, გარემოებები აღარ შეიქმნას. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით“ ,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა.