საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს
“ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები მთავარი პროკურატურის შენობასთან აქციას მართავენ.
ცენტრის წარმომადგენლები ირაკლი შოთაძის შესაძლო გენერალურ პროკურორად არჩევას აპროტესტებენ.
მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით: “შოთაძის დაბრუნება დანაშაულია”, “უთხარი არა უსამართლობას”, “არა მარიონეტს”.
მათი განცხადებით, ირაკლი შოთაძე დამოუკიდებელი პროკურორი ვერ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა. მან პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრება გასულ კვირას დაიწყეს და უკვე 12 კანდიდატს მოუსმინეს. კონკურსში ამ დროისათვის 15 კანდიდატი მონაწილეობს, ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.