“ჩემს ნამუშევრებს მინიმალურ ფასად ვყიდი და იმ თანხით ისევ საღებავებს და ტილოებს ვყიდულობ” – პერსპექტიული ახალგაზრდა მხატვარი რუსთავიდან (ვიდეო)

16 წლის ხატია მამედოვა პატარაობიდან ხატავს. როგორც “რეგიონულ კვირას” თავად უყვება, მაშინ, როცა თანატოლებთან საერთო ენას ვერ ნახულობდა, საკუთარ ემოციებს თეთრ ფურცლებს უზიარებდა. ახლა ამბობს, რომ საკუთარი თავი კლასიკურ მხატვრობაში იპოვა და სურს, ხელოვნების ეს მიმდევრობა არ გაქრეს. ამიტომაც, თავის პედაგოგთან ერთად კლასიკური მხატვრობისთვის დამახასიათებელ ნიმუშებს ქმნის და პერფორმანსებსაც არ ერიდება.  მიაჩნია, რომ აბსტრაქცია რეალობიდან გაქცევის მცდელობაა, რეალობას კი ადამიანი ვერ გაექცევა.

„პატარაობიდან ვხატავდი, ჩემი ნამუშევრები მე არა, მაგრამ სხვებს მოსწონდათ და ეს სტიმული იყო ჩემთვის, ამიტომ არ შემიწყვიტავს ხატვა. მინდა, რომ ჩვენი მემკვიდრეობა შევინარჩუნო, კლასიკური მხატვრობა. ყველა მხატვარი აბსტრაქტულ ჟანრს ქმნის და ნადგურდება კლასიკური მხატვრობა. მე მაქსიმალურად ვცდილობ, შევინარჩუნო და დავიცვა კლასიკა. ჩემს ნამუშევრებს მინიმალურ ფასად ვყიდი, იმ თანხით კი ისევ ტილოს და საღებავებს ვყიდულობ. მინდა, გამიცნოს საზოგადოებამ და გაიცნოს ჩემი ნამუშევრები”, – ამბობს ხატია მამედოვა.

ხატიას ნახატების გამოფენა-გაყიდვა მისმა პედაგოგმა, თამარ ფეიქრიშვილმა მოაწყო და საზოგადოებას სწორედ ისეთი ხატია გააცნო, როგორიც თავად აღმოაჩინა.

„ამ ახალგაზრდა გოგონას შევძელი და ვაპოვნინე საკუთარ თავში ძალა. მინდ, თინეიჯერებს ვურჩიო, იყვნენ უფრო მეტად ლოიალურები, უფრო მეტად მიიღონ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, საზოგადოებაში ორატორობით გამოირჩეოდნენ. ხატია არის ადამიანი, რომელსაც საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და დაფასება სჭირდება. შრომა და ნიჭიერება არასდროს არ იკარგება”, – ამბობს თამარი.

მარიამ გიორგაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები