ხინოწმინდის ხეობაში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის გადახურვა და ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების განახლება იგეგმება. ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე მე-6 საუკუნის ეკლესიას სარეაბილიტაციო სამუშაოები ორჯერ ჩაუტარდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუშაოები პირველად 2017 წელს განახორციელა. 2019 წელს კი უწყებამ კონსერვაცია-რესტავრაცია ნაეკლესიარის დარჩენილ ნაწილს, ასევე გალავანსა და სამარხებს ჩაუტარა. უძველესი ნაგებობა ხინოწმინდის კომპლექსში შედიოდა.
ხინოწმინდის ხეობაში, იქ სადაც ადგილობრივები მხოლოდ ზაფხულის სეზონზე არიან, ,,რეგიონულ კვირას“ მხოლოდ ბერი ევდემოზი და რამდენიმე მორჩილი დახვდა. ბერი ხეობაში 2000 წლიდან ცხოვრობს. იგი უძველესი ნაეკლესიარის რესტავრაციას მიესალმება, გვიყვება, რომ ტერიტორიაზე უდიდესი სიწმინდეებია დამარხული, რაც შესწავლასა და მოვლა პატრონობას საჭიროებს.
2017 და 2019 წლების შემდეგ ხინოწმინდის ნაეკლესიარის რესტავრაცია ისევ იგეგმება, რაც გულისხმობს რკინის კონსტრუქციით გადახურვისა და სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებას. როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, პროექტი მზადაა, ახლა მხოლოდ ეპარქიიდან და საქართველოს ეროვნული სააგენტოდან თანხმობას ელოდებიან.
,,ხინოწმინდის ნაეკლესიარისთვის პროექტი მზად არის, თუმცა პასუხს ველოდებით ეპარქიიდან, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დავიწყებთ სარეაბილიტაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებს. იმისათვის, რომ ნაგებობა წყლის ნალექებისგან დავიცვათ უნდა გადაიხუროს თუნუქით, ხოლო ეს რამდენად შესაძლებელია ამას ეპარქია და ეროვნული სააგენტო განსაზღვრავენ“, – განაცხადა ზაურ ახვლედიანმა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ხინოწმინდაში არსებული ნაეკლესიარის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2017 წელს 92 000 ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წელს განმეორებითი რესტავრაციისთვის სააგენტომ 70 000 ლარი გამოყო.
ფიქრია დავლაძე