მამუკა მდინარაძე: სირცხვილია, “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები “სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უკეთებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნამდვილი სირცხვილია, “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები “სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უკეთებენ.

მისივე თქმით, თუ პიკეტირების დროს საკანონმდებლო საქმიანობაში ხელშეშლა იქნება, ამას კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება.

“თუ მათ ნამდვილად უნდათ, რომ ოპონირების რეჟიმში შევიდნენ და ვიკამათოთ მათთან რაიმე თემაზე, მათ შეუძლიათ ეს 30-40 კაციანი აქციებიც გააგრძელონ, შემოვიდნენ და აქაც ვიკამათოთ რეალურ თემებზე, რეალურ გამოწვევებზე, იმაზე იყო თუ არა შეცდომა, დაპირებისგან უკან წასვლა, გადაწყვეტილების აუსრულებლობა, იყო თუ არა სპექტაკლი თუ შიდა დემოკრატიული პროცესი. ამ თემებზე სალაპარაკოდ არ შემოდიან ერთადერთი მიზეზით -ამ არგუმენტებში აუცილებლად დამარცხდებიან. შემდეგ ვერ გაუგზავნიან ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ყალბ და „ფეიკ“ ნიუსებს. ამ კამათში გამოიკვეთება სიმართლე და სიმართლე გამოიკვეთება მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე -სპიკერის ამერიკაში ვიზიტის დროს, სადაც ვამხელთ იმ „ფეიკ ნიუსებს“, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული განცხადებები კეთდება. თუ პიკეტირების დროს იქნება საკანონმდებლო საქმიანობაში ხელშეშლა, ამას კანონისმიერი რეაგირება მოჰყვება. თუ იქნება სირცხვილის კორიდორი და ამ შემთხვევაში არ მოხდება ხელშეშლა გადაადგილებაში, არ შეიზღუდება საქმიანობა, მაშინ ბუნებრივია, რაიმე კანონისმიერი იძულებითი ღონისძიებები სახელმწიფოს არ დასჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 4 თებერვალს საგაზაფხულო სესია იხსნება, რის პარალელურადაც ოპოზიცია პარლამენტთან პიკეტირებას და უმრავლესობის წევრი დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები